logo
ENG



"სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს" - PACE-ს რეზოლუციაში ცვლილება შევიდა

14 ოქტ 202215:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/cvany5skrfrstrv.jpg

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარამურზას საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი.

ასამბლეამ მხარი დაუჭირა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მომდევნო აგრესიის" შესახებ რეზოლუციის მე-7 პუნქტში ცვლილებების შეტანას.

ამ პუნქტში საუბარია რუსეთის ფედერაციაში მზარდ რეპრესიებზე, რის ფარგლებშიც რუსეთის ხელისუფლება ებრძვის ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს და რისი მიზანიც საზოგადოებაში შიშის დათესვაა.

„[რუსეთის] ხელისუფლებამ დანერგა სამოქალაქო თავისუფლებების მასშტაბური ჩამოშლის პრაქტიკა, რაც დაშინებასა და ღია დევნას ეფუძნება, რომლის მიზანიც საზოგადოებაში პოლიტიკური მიზნებით ზოგადი ტერორის მდგომარეობის გამოწვევაა. დემოკრატიულ ფიგურებს კლავენ ან რეპრესიების მსხვერპლნი ხდებიან, ოპოზიციური პარტიების სისტემა განადგურდა, სასამართლო არაა დამოუკიდებელი და ბევრი მედია და სამოქალაქო ორგანიზაცია, როგორიცაა მემორიალი, დაიხურა“ - წერია რეზოლუციის მე-7 პუნქტში.

რეზოლუციაში მეოთხე შესწორების საკითხი 45-მა დეპუტატმა, მათ შორის ხატია დეკანოიძემ და უკრაინის რადას დეპუტატებმა, ელიზავეტა იასკომ და ოლექსეი გონჩარენკომ დააყენეს.

საბოლოოდ კენჭისყრით 56 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე რეზოლუციაში შესაბამისი შესწორება შევიდა.

„რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში მე-7 პარაგრაფის ბოლოს დაემატოს წინადადება: „ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვლადიმერ კარამურზა. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს სხვა პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ (მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის“) - წერია მე-4 შესწორებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას და უკრაინის იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას სახელით "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მორიგი ესკალაცია", 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მარია მეზნეცევამ ასევე აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანას, ამ შემთხვევაში უკრაინას, იარაღი მიაწოდონ.


close დახურვა